Tuesday, April 19, 2011

მხატვრობა ძველ დროში



ხანგრძლივი, რთული და წინააღმდეგობებით აღსავსეა ხელოვნების ისტორია, როგორც თვით კაცობრიობის მატიანე. ხელოვნება ხომ უხსოვარი დროიდან არსებობს. იგი აღმოცენდა უფრო ადრე, ვიდრე მიწათმოქმედება, მეცნიერება, სახელმწიფო. ხელოვნება წარმოიშვა ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ადამიანები ეწეოდნენ ველურ ცხოვრებას, იკვებებოდნენ ნანადირევის უმი ხორცით. იარაღის მაგივრობას მათ ქვა და ჯოხი უწევდა. თანდათანობით ქვის საგანგებო დამუშავება დაიწყეს. აძლევდნენ გარკვეულ ფორმას იმისდა მიხედვით, თუ რა საჭიროებისათვის გამოიყენებდნენ მას, დაიწყეს შრომის, საბრძოლო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა საგანთა შექმნა, ზრუნავდნენ საკუთარ სამოსზე, საცხოვრებელზე და, ამასთან ერთად, ყველაფერში ამჟღავნებდნენ სწრაფვას მშვენიერებისა და სრულყოფილებისაკენ. სწორედ კაცობრიობის განვითარების ამ პერიოდს უკავშირდება ხელოვნების პრიმიტიული ნიმუშების შექმნაც, რომლებშიც პირველყოფილი ადამიანები უმარტივესად, შეძლებისდაგვარად გამოხატავდნენ საკუთარ აზრებს, განცდებს, დამოკიდებულებას გარესინამდვილისადმი, იქნებოდა ეს მამონტის ეშვზე ამოკაწრული თუ გამოქვაბულის კედლებზე მოხატული ნადირობის სცენები, პატარა სკულპტურული გამოსახულებები, სასმისები, სამკაულები ბევრისმთქმელი მოხატულობებით და ა.შ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს ადამიანები ხატავდნენ საღებავებით, რომელთაც საუკუნეთა ქარტეხილებს გაუძლეს და რომელთა შემადგენლობაც დღემდე უცნობია. რა ძალა ამოქმედებდა ადამიანს? რა თქმა უნდა, შინაგანად განცდილის გარეგანსახიერების ბუნებრივი _ შემოქმედებითი იმპულსი.
XIX საუკუნეში ფარდა აეხადა ხელოვნების ისტორიის იდუმალებით მოცულ მრავალ საოცრებას.
1876 წელს ცნობილი ესპანელი არქეოლოგის მარსელინო სუტუოლას მიერ აღმოჩენილ იქნა ესპანეთის უზარმაზარი გამოქვაბულის ალტამირას მოხატულობა.
1940 წელს საფრანგეთში მდებარე ლასკოს გამოქვაბულის ფერწერამ განაცვიფრა როგორც მეცნიერები, ისე საზოგადოება _ მათ თვალწინ გადაიშალა ყველაზე სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოები, რაც კი პალეოლითის ხანაში შექმნილა.
მეცნიერები გააოცა გამოსახულებათა სიუხვემ, შესრულების მანერამ, დინამიკამ, სიზუსტემ. პირველყოფილი ადამიანი ცდილობდა ბევრი რამის ახსნას, თავისებურად აკვირდებოდა ბუნებას, ხატავდა...პირველყოფილი ადამიანის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, აღმოჩენილი
იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ციმბირში, აფრიკაში და სხვაგან, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება თან სდევდა ადამიანს მისი არსებობის პირველივე ნაბიჯებიდან. საოცარია, რომ ამ დროს ადამიანს თვალი და ხელი ისე ჰქონდა გაწაფული, დაკვირვებულ და დაოსტატებულ მხატვარსაც კი შეშურდებოდა.პირველყოფილი მხატვარი ოსტატურად ხმარობდა ბუნებრივ საღებავებს: მინერალურ საღებავს ურევდა წყალში, უმატებდა ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს. ეს საღებავი მღვიმის ნახატებს განსაკუთრებულ სინათლეს ანიჭებდა. ფერადი თიხა, ნახშირი _ მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო.ხატავდნენ ხის ქერქებსა თუ ტყავზე და ეს იყო შეტყობინების ერთ-ერთი ხერხი. თანდათანობით ასეთი ნახატების რიცხვი იზრდებოდა, იხვეწებოდა კიდეც და საკმაო ხნის შემდეგ დამწერლობად ჩამოყალიბდა. ამგვარად, ნახატის მეშვეობით კაცობრიობა თავის არსებობის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა, ადამიანმა ჯერ ხატვა ისწავლა, შემდეგ კი დამწერლობას დაეუფლა.

1 comment:

  1. titanium white paint - Tatiana Art - TITIAN GALLERY
    TITIAN GALLERY mens titanium rings - The cost of titanium Tatiana Art is a canvas painting titanium band rings created from the Tatiana artists and artists in the The design was created where to buy titanium trim by the Tatiana 2018 ford fusion energi titanium Art.

    ReplyDelete