
XIX საუკუნეში ფარდა აეხადა ხელოვნების ისტორიის იდუმალებით მოცულ მრავალ საოცრებას.
1876 წელს ცნობილი ესპანელი არქეოლოგის მარსელინო სუტუოლას მიერ აღმოჩენილ იქნა ესპანეთის უზარმაზარი გამოქვაბულის ალტამირას მოხატულობა.
1940 წელს საფრანგეთში მდებარე ლასკოს გამოქვაბულის ფერწერამ განაცვიფრა როგორც მეცნიერები, ისე საზოგადოება _ მათ თვალწინ გადაიშალა ყველაზე სრულყოფილი მხატვრული ნაწარმოები, რაც კი პალეოლითის ხანაში შექმნილა.
მეცნიერები გააოცა გამოსახულებათა სიუხვემ, შესრულების მანერამ, დინამიკამ, სიზუსტემ. პირველყოფილი ადამიანი ცდილობდა ბევრი რამის ახსნას, თავისებურად აკვირდებოდა ბუნებას, ხატავდა...პირველყოფილი ადამიანის მხატვრობის უნიკალური ნიმუშები, აღმოჩენილი იტალიაში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, ციმბირში, აფრიკაში და სხვაგან, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ხელოვნება თან სდევდა ადამიანს მისი არსებობის პირველივე ნაბიჯებიდან. საოცარია, რომ ამ დროს ადამიანს თვალი და ხელი ისე ჰქონდა გაწაფული, დაკვირვებულ და დაოსტატებულ მხატვარსაც კი შეშურდებოდა.პირველყოფილი მხატვარი ოსტატურად ხმარობდა ბუნებრივ საღებავებს: მინერალურ საღებავს ურევდა წყალში, უმატებდა ცხოველის ცხიმსა და მცენარის წვენს. ეს საღებავი მღვიმის ნახატებს განსაკუთრებულ სინათლეს ანიჭებდა. ფერადი თიხა, ნახშირი _ მხატვრის ძირითადი ფერადოვანი მასალა იყო.ხატავდნენ ხის ქერქებსა თუ ტყავზე და ეს იყო შეტყობინების ერთ-ერთი ხერხი. თანდათანობით ასეთი ნახატების რიცხვი იზრდებოდა, იხვეწებოდა კიდეც და საკმაო ხნის შემდეგ დამწერლობად ჩამოყალიბდა. ამგვარად, ნახატის მეშვეობით კაცობრიობა თავის არსებობის ისტორიაში უდიდეს აღმოჩენამდე მივიდა, ადამიანმა ჯერ ხატვა ისწავლა, შემდეგ კი დამწერლობას დაეუფლა.